Friday, May 14, 2010

ილია ჭავჭავაძის ავტობიოგრაფია

(დაწერილია ბროკჰაუზ-ეფრონის რუსული ენციკლოპედიური ლექსიკონისთვის 1902-1903წწ.)

დავიბადე 27 ოქტომბერს 1837 წელს სოფელ ყვარელში. ყვარელი თელავის მაზრის სოფელია, ტფილისის გუბერნიისა. და მთლად ადგილს, სიღნაღის მაზრასთან ერთად, კახეთი ეწოდებოდა საერთო სახელად. მამაჩემი რამდენადმე განათლებული კაცი იყომ აფიცრად მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნის პოლკში და რუსული კარგად იცოდა. დედაჩემმა მშვენივრად იცოდა მაშინდელი ქართული მწერლობა. სულ ზეპირად ჰქონდა დასწავლებული თითქმის ყველა ლექსი და ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც კი იშოვებოდა მაშინ ან დაბეჭდილი და ან ხელნაწერი. საღამოობით დაგვსხავდა ბავშვებს და გვიკითხავდა მოთხრობებსა და ამბებს; წაკითხვის შემდეგ გვიამბობდა შინაარს და მეორე დღეს საღამოზედ გვკითხავდა: აბა, ვინ უფრო კარგად მიამბობს, რაც გუშინ გაიგონეთო. ვინც კარგად ვუამბობდით, გვაქებდა და ამ ქებას ჩვენ დიდად ვაფასებდით.
სწავლა 8 წლისამ დავიწყე ჩვენი სოფლისავე მთავარ დიაკვანთან - ქართული წერა-კითხვითა. მთავარმა ძალიან კარგად იცოდა ქართული და სახელი ჰქონდა განთქმული საღმრთო წიგნების კარგის მკიტველისა. ხოლო უმთავრესი ღირსება მისი ის იყო, რომ მომხიბვლელი თქმა იცოდა ამბებისა. გვიამბობდა მდაბიურად და ბავშვებისათვის ადვილად გასაგების ენით საღმრთო და სამშობლო ქვეყნის ისტორიის ამბებსა, ვის რა გმირობა მოემოქმედნა, ვის რა ფალავნობა გაეწია, ვის რა ღვაწლი და სიკეთე დაეთესა სამშობლოსა და სარწმუნოების სასარგებლოდ და დასაცველად.
ბევრი ამ ამბავთაგანი ღრმად ჩამრჩა გულში და ერთი მათ შორის - "დიმიტრი თავდადებული" - თემად გამოვიყენე მრავალი წლის შემდეგ. ერთი კიდევ პატარა საშობაო მოთხრობად დავწერე. ჩემს "გლახის ნაამბობში" ზოგიერთს ადგილს ცხადად ამჩნევია კვალი მთავრის ამბების გავლენისა.
მთავართან ვსწავლობდი ამავე ჩემ სამშობლო სოფლის გლეხკაცების შვილებთან. რამდენადაც მახსოვს, ხუთნი თუ ექვსნი ივნენ. ყველანი შინიდან დავდიოდით მთვართან დილ-დილით და სწავლა გვქონდა მხოლოდ შუადღემდე. წერა-კითხვას, როგორც მახსოვს, სულ ერთ საათს არ ვანდომებდით ხოლმე, დანარჩენი დრო შუადღემდე იმაში გადიოდა, რომ ვთამაშობდით თვით მთავრის ზედამხედველობითა და ვისმენდით იმის გასატაცებელ ნაამბობს.
მეთერთმეტე წელში რომ გადავდექი, მამამ ქალაქში წამივანა და მიმცა რაევსკისა და ჰაკკეს პანსიონში. ეს პანსიონი ტფილისის მაშინდელ ყველა კერძო სასწავლებელზედ უკეთესი იყო.
15 წლისა ვიყავი როცა პანსიონიდან გიმნაზიაში შევედი; მეოთხე კლასში მიმიღეს და ბინით კი ისევ პანსიონში ვიყავი. პანსიონს მაშინ განაგებდა მხოლოდ 1 ჰაკკე. ჰაკკე გერმანელი იყო, ყოველმხრივ განათლებული კაცი. გერმანიიდან დაიბარა მაშინდელმა კავკასიის ცალკე კორპუსის კომანდირმა ნეიტგარტმა თავის შვილების აღსაზრდელად. ხოლო ნეტგარტის შემდეგაც ტფილისში დარჩა და პედაგოგ რაევსკისთან ერთად პანსიონი დააარსა. ჰაკკე სასტიკი კაცი იყო, მაგრამ თან იმოდენად მამობრივს მზრუნველობას იჩენდა თავის შეგირდების მიმართ, იმოდენას სცდილობდა და ყურს უგდებდა მათს ზნეობრივსა და გონებრივ განვითარებას, რომ თითქმის მთელს თავისუფალ დროს, კლასში მეცადიობის შემდეგ, მათ ანდომებდა, ხან ემუსაიფებოდა, ხან ართობდა მუსიკით და მართავდა ხელდახელ კონცერტს როიალზედ, რომლის დაკვრაც საუცხოვოდ იცოდა.
გავათავე მერვე კლასი, მხოლოდ საბოლოო ეგზამენი აღარ დავიჭირე და 1857 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტში შევედი იურიდიულ ფაკულტეტის მაშინდელ კამერალურს გაყოფილებაზედ.
1861 წელს უკვე მეოთხე კურსზედ ვიყავ, მაგრამ გავანებე თავი უნივერსიტეტს მაშინ საუნივერსიტეტო არეულობის მიზეზით.
1863 წელს დავაფუძნე ჟურნალი "საქართველოს მოამბე", რომელმაც სულ ერთს წელიწადს იცოცხლა. ამავე 1863 წელს შევირთე ცოლად ოლგა - თავად აზეოდ გურამიშვილის ასული.
1864 წლის დამდეგს, როცა განიზრახეს გლეხკაცობის განთავისუფლების რეფორმა საქართველოში, გამგზავნეს იმერეთს ქუთაისის გენერალურ-გუბერნატორის ცალკე მინდობილობათა მოხელედ და დამავალეს გამომერკვია, თუ რა ურთიერთობა სუფევდა მემამულეთა და გლეხკაცთა შორის ბატონყმობისაგან წარმომდგარი.
იმავე წლის ნოემბერში ბატონ-ყმობა უკვე გადავარდა იმერეთში და მე დანიშნული ვიქმენ მომრიგებელ შუაკაცად დუშეთს. მომრიგებელ შუაკაცად დავყავ იქ 1868 წლამდე; ხოლო ამ წელს შემოიღეს სასამარლოს რეფორმა კავკასიაში და მე მომანდეს ასრულება მომრიგებელ მოსამართლის თანამდებობისა დუშეთსავე. მომრიგებელ მოსამართლედ ვიყავი 1874 წლამდე.
1877 წელს დავაარსე ყოველკვირეული გაზეთი "ივერია" რომელიც შემდეგ ყოველთვიურ ჟურნალად იქმნა გადაკეთებული, ხოლო 1885 წლიდან ყოველდღიურ საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთად. 1902 წელს გაზეთი სხვას გადავეცი და იმის რედაქტორობით გამოდის დღესაც.
ჩემი სალიტერატურო მუშაობდა დაიწყო 1857 წლიდან, როცა "ცისკარში" მივეცი დასაბეჭდად რამდენიმე წვრილი ლექსი. ხოლო შემდეგ ჩემი თხზულებანი იბეჭდებოდა "დროებაში", "კრებულში", ჩემ მიერ დაარსებულ "საქართველოს მოამბეში" და "ივერიაში", აგრეთვე ჟურნალ "მოამბეში".
წვრილ ლექსებს გარდა დავწერე რამდენიმე პოემა, სახელობრ: "ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ", აჩრდილი", "დიმიტრი თავდადებული", "განდეგილი" და დრამატიული ეპიზოდი "დედა და შვილი". მოთხრობათა შორის შემიძლია დავასახელო:
1. "კაცია-ადამიანი?!", დაბეჭდილი 1863 წელს "საქართველოს მოამბეში" და შემდეგ ცალკე წიგნად გამოცემული პეტერბურგში ქართველ სტუდენტებისაგან;
2. "გლახის ნაამბობი", იქვე და იმავე წელს დაბეჭდილი, მერე აგრეთვე ცალკე წიგნად დაბეჭდილი,
3. "სცენები გლეხთა განთავისუფლების პირველი დროისა", დაბეჭდილი 1865 წელს "კრებულში" და მერე ცალკე წიგნად;
4. "მგზავრის წერილები", დაბეჭდილი 1874 წელს "კრებულშივე";
5. "ოთარანთ ქვრივი", 1888 წელს;
6. "უცნაური ამბავი" - "მომაბეში";
7. "საშობაო მოთხრობა"; "სარჩობელაზედ" - ივერიაში და სხვ.
ვთარგმნე ლექსები პუშკინისა, ლერმონტოვისა და ტურგენევისა, აგრეთვე რამდენიმე ლექსი ჰეინესი, შილლერისა და გიოტესი. გადავარგმნე აგრეთვე თ. ივანე მაჩაბელთან ერთად "მეფე ლირი" შექსპირისა. ვიღებდი მონაწილეობას ცნობილ ქართულ პოემის "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის აღმდგენელ კომისიაში.



წყარო: ინტერნეტ ბიბლიოთეკა

1 comment:

ილია ჭავჭავაძე

ჩემს შესახებ..