ქართულ სახელმწიფოს არ სჭირდება საგანგებო იდეოლოგია, მისი იდეოლოგია ილია ჭავჭავაძეა....
Friday, May 14, 2010
ილია ჭავჭავაძის ავტობიოგრაფია
დავიბადე 27 ოქტომბერს 1837 წელს სოფელ ყვარელში. ყვარელი თელავის მაზრის სოფელია, ტფილისის გუბერნიისა. და მთლად ადგილს, სიღნაღის მაზრასთან ერთად, კახეთი ეწოდებოდა საერთო სახელად. მამაჩემი რამდენადმე განათლებული კაცი იყომ აფიცრად მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნის პოლკში და რუსული კარგად იცოდა. დედაჩემმა მშვენივრად იცოდა მაშინდელი ქართული მწერლობა. სულ ზეპირად ჰქონდა დასწავლებული თითქმის ყველა ლექსი და ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც კი იშოვებოდა მაშინ ან დაბეჭდილი და ან ხელნაწერი. საღამოობით დაგვსხავდა ბავშვებს და გვიკითხავდა მოთხრობებსა და ამბებს; წაკითხვის შემდეგ გვიამბობდა შინაარს და მეორე დღეს საღამოზედ გვკითხავდა: აბა, ვინ უფრო კარგად მიამბობს, რაც გუშინ გაიგონეთო. ვინც კარგად ვუამბობდით, გვაქებდა და ამ ქებას ჩვენ დიდად ვაფასებდით.
სწავლა 8 წლისამ დავიწყე ჩვენი სოფლისავე მთავარ დიაკვანთან - ქართული წერა-კითხვითა. მთავარმა ძალიან კარგად იცოდა ქართული და სახელი ჰქონდა განთქმული საღმრთო წიგნების კარგის მკიტველისა. ხოლო უმთავრესი ღირსება მისი ის იყო, რომ მომხიბვლელი თქმა იცოდა ამბებისა. გვიამბობდა მდაბიურად და ბავშვებისათვის ადვილად გასაგების ენით საღმრთო და სამშობლო ქვეყნის ისტორიის ამბებსა, ვის რა გმირობა მოემოქმედნა, ვის რა ფალავნობა გაეწია, ვის რა ღვაწლი და სიკეთე დაეთესა სამშობლოსა და სარწმუნოების სასარგებლოდ და დასაცველად.
ბევრი ამ ამბავთაგანი ღრმად ჩამრჩა გულში და ერთი მათ შორის - "დიმიტრი თავდადებული" - თემად გამოვიყენე მრავალი წლის შემდეგ. ერთი კიდევ პატარა საშობაო მოთხრობად დავწერე. ჩემს "გლახის ნაამბობში" ზოგიერთს ადგილს ცხადად ამჩნევია კვალი მთავრის ამბების გავლენისა.
მთავართან ვსწავლობდი ამავე ჩემ სამშობლო სოფლის გლეხკაცების შვილებთან. რამდენადაც მახსოვს, ხუთნი თუ ექვსნი ივნენ. ყველანი შინიდან დავდიოდით მთვართან დილ-დილით და სწავლა გვქონდა მხოლოდ შუადღემდე. წერა-კითხვას, როგორც მახსოვს, სულ ერთ საათს არ ვანდომებდით ხოლმე, დანარჩენი დრო შუადღემდე იმაში გადიოდა, რომ ვთამაშობდით თვით მთავრის ზედამხედველობითა და ვისმენდით იმის გასატაცებელ ნაამბობს.
მეთერთმეტე წელში რომ გადავდექი, მამამ ქალაქში წამივანა და მიმცა რაევსკისა და ჰაკკეს პანსიონში. ეს პანსიონი ტფილისის მაშინდელ ყველა კერძო სასწავლებელზედ უკეთესი იყო.
15 წლისა ვიყავი როცა პანსიონიდან გიმნაზიაში შევედი; მეოთხე კლასში მიმიღეს და ბინით კი ისევ პანსიონში ვიყავი. პანსიონს მაშინ განაგებდა მხოლოდ 1 ჰაკკე. ჰაკკე გერმანელი იყო, ყოველმხრივ განათლებული კაცი. გერმანიიდან დაიბარა მაშინდელმა კავკასიის ცალკე კორპუსის კომანდირმა ნეიტგარტმა თავის შვილების აღსაზრდელად. ხოლო ნეტგარტის შემდეგაც ტფილისში დარჩა და პედაგოგ რაევსკისთან ერთად პანსიონი დააარსა. ჰაკკე სასტიკი კაცი იყო, მაგრამ თან იმოდენად მამობრივს მზრუნველობას იჩენდა თავის შეგირდების მიმართ, იმოდენას სცდილობდა და ყურს უგდებდა მათს ზნეობრივსა და გონებრივ განვითარებას, რომ თითქმის მთელს თავისუფალ დროს, კლასში მეცადიობის შემდეგ, მათ ანდომებდა, ხან ემუსაიფებოდა, ხან ართობდა მუსიკით და მართავდა ხელდახელ კონცერტს როიალზედ, რომლის დაკვრაც საუცხოვოდ იცოდა.
გავათავე მერვე კლასი, მხოლოდ საბოლოო ეგზამენი აღარ დავიჭირე და 1857 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტში შევედი იურიდიულ ფაკულტეტის მაშინდელ კამერალურს გაყოფილებაზედ.
1861 წელს უკვე მეოთხე კურსზედ ვიყავ, მაგრამ გავანებე თავი უნივერსიტეტს მაშინ საუნივერსიტეტო არეულობის მიზეზით.
1863 წელს დავაფუძნე ჟურნალი "საქართველოს მოამბე", რომელმაც სულ ერთს წელიწადს იცოცხლა. ამავე 1863 წელს შევირთე ცოლად ოლგა - თავად აზეოდ გურამიშვილის ასული.
1864 წლის დამდეგს, როცა განიზრახეს გლეხკაცობის განთავისუფლების რეფორმა საქართველოში, გამგზავნეს იმერეთს ქუთაისის გენერალურ-გუბერნატორის ცალკე მინდობილობათა მოხელედ და დამავალეს გამომერკვია, თუ რა ურთიერთობა სუფევდა მემამულეთა და გლეხკაცთა შორის ბატონყმობისაგან წარმომდგარი.
იმავე წლის ნოემბერში ბატონ-ყმობა უკვე გადავარდა იმერეთში და მე დანიშნული ვიქმენ მომრიგებელ შუაკაცად დუშეთს. მომრიგებელ შუაკაცად დავყავ იქ 1868 წლამდე; ხოლო ამ წელს შემოიღეს სასამარლოს რეფორმა კავკასიაში და მე მომანდეს ასრულება მომრიგებელ მოსამართლის თანამდებობისა დუშეთსავე. მომრიგებელ მოსამართლედ ვიყავი 1874 წლამდე.
1877 წელს დავაარსე ყოველკვირეული გაზეთი "ივერია" რომელიც შემდეგ ყოველთვიურ ჟურნალად იქმნა გადაკეთებული, ხოლო 1885 წლიდან ყოველდღიურ საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთად. 1902 წელს გაზეთი სხვას გადავეცი და იმის რედაქტორობით გამოდის დღესაც.
ჩემი სალიტერატურო მუშაობდა დაიწყო 1857 წლიდან, როცა "ცისკარში" მივეცი დასაბეჭდად რამდენიმე წვრილი ლექსი. ხოლო შემდეგ ჩემი თხზულებანი იბეჭდებოდა "დროებაში", "კრებულში", ჩემ მიერ დაარსებულ "საქართველოს მოამბეში" და "ივერიაში", აგრეთვე ჟურნალ "მოამბეში".
წვრილ ლექსებს გარდა დავწერე რამდენიმე პოემა, სახელობრ: "ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ", აჩრდილი", "დიმიტრი თავდადებული", "განდეგილი" და დრამატიული ეპიზოდი "დედა და შვილი". მოთხრობათა შორის შემიძლია დავასახელო:
1. "კაცია-ადამიანი?!", დაბეჭდილი 1863 წელს "საქართველოს მოამბეში" და შემდეგ ცალკე წიგნად გამოცემული პეტერბურგში ქართველ სტუდენტებისაგან;
2. "გლახის ნაამბობი", იქვე და იმავე წელს დაბეჭდილი, მერე აგრეთვე ცალკე წიგნად დაბეჭდილი,
3. "სცენები გლეხთა განთავისუფლების პირველი დროისა", დაბეჭდილი 1865 წელს "კრებულში" და მერე ცალკე წიგნად;
4. "მგზავრის წერილები", დაბეჭდილი 1874 წელს "კრებულშივე";
5. "ოთარანთ ქვრივი", 1888 წელს;
6. "უცნაური ამბავი" - "მომაბეში";
7. "საშობაო მოთხრობა"; "სარჩობელაზედ" - ივერიაში და სხვ.
ვთარგმნე ლექსები პუშკინისა, ლერმონტოვისა და ტურგენევისა, აგრეთვე რამდენიმე ლექსი ჰეინესი, შილლერისა და გიოტესი. გადავარგმნე აგრეთვე თ. ივანე მაჩაბელთან ერთად "მეფე ლირი" შექსპირისა. ვიღებდი მონაწილეობას ცნობილ ქართულ პოემის "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის აღმდგენელ კომისიაში.
წყარო: ინტერნეტ ბიბლიოთეკა
მოგონებები ილია ჭავჭავაძეზე
- იონა მეუნარგია – სამახსოვრო წიგნიდან
- ფილიპე გოგიჩაიშვილი – ორი ეპიზოდი ილია ჭავჭავაძის ცხოვრებიდან
- ქეთევან სარსევანიძე – "მოგონებანი ილია ჭავჭავაძეზე”
- ამბროსი ხელაია: "სიტყვა წარმოთქმული ილია მართლის ცხედრის წინაშე!”
- იონა მეუნარგიას სიტყვა – ილიას დასაფლავებაზე
- ვარლამ ძიძიგური – "უტიფარი ხარ ბერბიჭაშვილო!”
- ოთარ ჭილაძე – სხვა ვარსკვლავი (ილია ჭავჭავაძე)
- როსტომ ჩხეიძე: აპოლოგია ლუარსაბ თათქარიძისა
ლექსები ილია ჭავჭავაძეზე
კოსტა აბხაზი
ილია და მე ერთად შევიზარდენით. რაც ჩემი თავი მახსოვს იმ დღიდან მახსოვს ილიაც. ილია ერთი წლით ჩემზედ უფროსი იყო. გიმნაზიაშიც ერთად ვიყავით და სტუდენტობის დროს ერთს ოთახში ვცხოვრობდით. როგორც მახსოვს, ილია პატარაობიდანვე ლექსებსა სწერდა. მხსოვს ასეთი შემთხვევა ილია იქნებოდა ესე 11 წლისა. ჩვენს სოფელში კარდანახში ვიყავით. კვირა დღე იყო და ერთი ოცი თუ თხუთმეტი ვერსის მანძილზე მამაჩემს მამითადი ჰქონდა. ჩვენც იქ წავედით. მთელი დღე ვუცქეროდით გახურებულ მამითადს. საღამოთი შინისკენ დავბრუნდით და კარდანახამდინ რომ ასე 7 ვერსის სავალი დაგვრჩა კოკისპირული წვიმა დაუშვა და მთელი ნიაღვარი მოვარდა. მეტი გზა არ იყო შევბრუნდით ახლო მდებარე სოფელში ჩალაუბანში და ღამეც იქ გავატარეთ, მაგრამ მთელი ღამე არ მოგვითვლემია. ერთს გლეხკაცის სახლში ვიწექით და ღამე იმოდენა მკბენარი დაგვეხვია, რომ გათენებისას გამოვვარდით გარეთ ლოგინებითურთ და ერთს დიდს კაკლის ქვეშ გავშალეთ და ცოტა გამოვიძინეთ. აი სწორედ აქ დაწერა ილიამ თავისი პირველი ლექსი ”რწყილები”(47-48წ.). საუბედუროთ ეს ლექსი არ შენახულა და არ ვიცი რა უყო ილიამ. მახსოვს მარტო, რომ ამ ლექსში დიდის ოხუნჯობით და მეტად კომიკურად იყო აღწერილი ჩვენი რწყილებთან ბრძოლა, და ლექსმა ბევრი გვაცინა..მამულისადმი უანგარო სიყვარული პატარაობიდანვე შეჰყვა ილიას, მეტის მეტად უყვარდა ბაასი გლეხკაცებთან, მეტადრე მოხუცებულებთან. ჰკრეფდა და აგროვებდა ზღაპრებს, ანდაზებს, გამოცანებს. უყვარდა მესტვირეები და სიამოვნებით უგდებდა ყურს. საზოგადოთ კი მუსიკას არა სწყალობდა, და არც ესმოდა. მე მისი მარტოდ მარტო ერთი სიმღერა მახსოვს. ხშირად ოთახში ბოლთასა სცემდა და უცნაურის კილოთი ღუღუნებდა: Англиский лорд, Свободен и горд. . . დიდი თაყვანისმცემელი იყო ილია ინგლისის სახელმწიფო წესწყობილებისა, აღმერთებდა გარიბალდის და პატივსა სცემდა გლადსტონს. არ ვიცი, ვინ იყო ისეთი პირი, რომელსაც გავლენა ჰქონდა პატარა ილიაზედ, რომელმაც შთაჰბერა მას გულში სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ხალხური ხელოვნებისადმი სიყვარული. მე მგონია, რომ ეს შემდეგში შეიგნო ილიამ, მეტადრე როდესაც მომრიგებელ შუამავლად და მოსამართლედ იყო, სადაც ხშირად ხვდებოდა და ახლოს ეცნობოდა ჩვენს ხალხს.
მიხეილ ჯავახიშვილი
. . . 1906 წლის გაზაფხულზე ავადმყოფ ილია წინამძღვრიშვილის სანახავად მივედი. მალე ილია ჭავჭავაძეც შემოვიდა. ავადმყოფი მოიკითხა და საუბარი გააბა, შავბნელი აზრებით იყო შეპყრობილი. ჯერ ”ივერიის” ბედი გაიხსენა. ეს გაზეთი მისი ნაშვილევი იყო. იგი რამოდენიმე ათეულ წელიწადს ზიდა, მერმე თავის ერთგულ ა. სარაჯიშვილს გადასცა, მან ილიას გზით მავალ ყიფშიძეს ჩააბარა. ამან კი ახალგაზრდას გადაულოცაო, -სთქვა ილიამ ჩემზე,-და შემდეგ გოგიჩაიშვილსაო. ილია ჭავჭავაძის საჯარაო ლაპარაკი რამოდენიმეჯერ მოვისმინე. საოცარი ორატორი იყო. არ აღელდებოდა, კილოს არ აუწევდა. თავი რკინის ძეგლსავით ეჭირა. მოპირდაპირეს იშვიათად შეაწყვეტინებდა, და თუ რამდენიმე სიტყვას მიაწოდებდა, მისი რეპლიკა მუდამ მომაკვდინებელი იყო. ხმა ძლიერი ჰქონდა, ლოგიკის ზალა-უნაკლო, დაუნდობარი, რკინისებური. ლაპარაკის მანერა- ბოლომდის დინჯი, მაგრამ შეუბრალებელი, მკვეთრი განგმირავი, ზოგჯერ ზომიერად ირონიული, მაგრამ მუდამ ზრდილობიანი, დარბაისლური. მოპირდაპირის სუსტ ალაგებს ფოლადის მარწუხივით დასწვდებოდა და ჰგლეჯდა, ათრევდა და მანამდის სთელავდა, სანამ საბოლოოდ არ მოსპობდა. ეს მანერა პოლემიკისა ილიას წერილებსაც აშკარად ეტყობა. მტრებსაცვ ნაწვნევი ჰქონდათ და ძლიერ ეშინოდათ, შებმას იშვიათად უბედავდნენ. არა თუ ილიას ტოლი, მისი ტიპის ორატორიც არარ მომისმენია.
იოსებ იმედაშვილი
მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეთა ქართველ ბუმბერაზ მწერალ- მოღვაწეთაგან ვისაც კი ვიცნობდი, თითოეული თავისებური იერით ჩამრჩა მეხსიერებაში...ილია- შუა ტანის, ცასხმულ-ჩამკვრივებული, წელში მოუხრელი. თითქო კუშტი, შუბლშეკრული, ფიქრებდაყურსული, უმეტეს მოზიდული, წარბ-წამწამში მწყვდეულ თვალებით პირდაპირ გამჭრიახი გამცქერი, იშვიათად მიწისაკენ დახრილი, მუდამ სერთუკით, ”კატილოკით” და ხელ-ჯოხით. ბევრჯერ შევხვედრივარ ილიას ”ივერიის” რედაქციაში; ხშირად მომისმენია მისი ლაპარაკი თუ კამათი საჯარო სხდომაზე, დინჯი, წყნარი დაფიქრებული, რომლითაც წარუხოცელ შთაბეჭდილებას სტოვებდა მსმენელებზე. ჩემი თაობის ადამიანისათვის ილია განხორციელებული ჭეშმარიტება იყო, უეჭვო და ხელშეუვალი, როგორც საქართველოს უდიდესი წირისუფალი, პრაქტიკული მოღვაწე, მოაზროვნე მწერალი, სამშობლოსათვის მარად მზრუნველი, რომლის აზრი, სიტყვა და სურვილი უდაოდ ბატონობდა ყველგან, ყველასა და ყველაფერზედ. იგი მახსოვრობაში ჩამრჩა როგორც ყოვლისმცოდნე - ენციკლოპედისტი: წრსულის დიდი მცოდნე, აწმყოს ყოველმხრივ მცნობი დამავლის განმჭვრეტი, წინასწარმეტყველი.
ვასილ ბარნოვი
აღტაცებული იყო მოსწავლე თაობა ილიათი. ავყვებოდით სეირნობად გამოსულს, შორიახლო მივსდევდით ჩვენს სიამაყეს. თუ ერთად ვნახავდით ილიას და აკაკის, ჩვენ სიხარულს ნაპირი აღარ უჩანდა. ჩვენთვის ილია იგივე საქართველო იყო, ეშხით მებრძოლსამშობლო მურაზით სავსე.რუსეთიდან რომ ჩამოველ, მცირე ხნობით მის რედაქციაში მოვყევ: ვთარგმნიდი ფრანგულით, ხელს ვახმარებდი წვრიმანში რედაქციის მუდმივ მუშაკთ: პირისპირ ვნახავდი ილიას, ვიუბნებდი მასთან. რა კმაყოფილებით მავსებდა იგი სიახლე. ვათვალიერებდი. მეტადრე ღრმად მოქმედობდა ჩემზედ მისი მსჯელობა. ჰაზრთა წყობა მათემატიკურად თანისთანი , ნაფიქრთ წრეები უნაკლოდ ჭდობილნი მთელ მსჯელობაში, მჭიდროდ ნკავშირებნი, ფიქრთა ჯინჯილი მკვიდრად ნაკვერი. ძნელი იყო ილიასთან კამათი. ის უფრო ართულებდა მასთან ჰაზრთა ჭიდილს,რომ მრჯვედ იჭერდა მეტოქისაგან ნატყორც საბუთს,, თავისებურად არკალებდა მას და შეუბრუნებდა მასვე, მისივე ფანდით აჯანჯღარებდა მოპირდაპირეს, მისივ იარაღით არყევ-აქანებდა, მუხლზედ დასცემდა. მაგონდებოდა ხალხური თქმა:
მიდის გმირი უიარაღოდ:
-გამარჯვება , აღსართან!
-გაგიმარჯოს!
-სად მიხვალ?
-საომრად.
-იარაღი?!
-მტერი მოიტანს!
ექვთიმე თაყაიშვილი
ილია ჭავჭავაძე პირველად ვნახე ჩემი სტუდენტობის დროს, ვგონებ, როდესაც III კურსზე ვიყავი გადასული. კარგად კი არ მახსოვს, ასე 1885 წელს უნდა ყოფილიყო. ილია ქართული სათავადაზნაურო ბანკის საქმეზე ჩამოვიდა პეტერბურგში და ბინად ჩამოხტა ვასო მაჩაბელთან... ილია და ვასო მაშინ დიდი მეგობრები იყვნენ, ილია შვილებს უნათლავდა. ვასო ნაფიცი ვექილი იყო, ადვოკატი თავად მინგრელსკისა, რომელიც მაშინ პეტერბურგში ცხოვრობდა. ვასო ქართველ სტუდენტებს ეხმარებოდა ხოლმე ხელმოკლეთათვის ფულის შესაკრებად საღამოების მოწყობაში. ერთხელ ასეთი საღამოს შემოსავალი, სამი ათასი მანეთი სტუდენტებს ვასილის თანხმობით გადაედოთ, როგორც ხელუხლებელი თანხა და ხუმრობით ”დარდუბლის კიდობანი” დაერქმიათ მისთვის. ის ფული თვით ვასილ მაჩაბელს ჰქონდა მიბარებული. იმ წელიწადს ვასილმა გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება და წინადადება მოგვცა სტუდენტებს, იმ თანხასაც თან წავიღებ და შესანახად გადავცემო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომლის თავჯდომარეც ილია ჭავჭავაძე არისო. სტუდენტებმა არ მიიღეს ეს წინადადება და მოითხოვეს, ფული პეტერბურგში დაეტოვებინა. მაშინ მაჩაბელმა უთხრა, წარმომადგენელი გამოგზავნეთ და ილია ჭავჭავაძის თანდასწრებით გადავწყვიტოთ ეგ საქმეო. სტუდენტობამ აგვირჩია და გაგვგზავნა სამი კაცი. მივედით ვასო მაჩაბელთან და ილიაც გამოვიდა და გაგვეცნო. ილიას პირველად მაშინ შევხვდი და მისი დანახვისთანავე გამახსენდა, ძალაუნებურად ჩემი ნათესავის კოწია თაყაიშვილის ნათქვამი ილიას გარეგნობის შესახებ.. .
ოლღა აგლაძე
ბევრი ფიქრობდა, რომ ილია ჭავჭავაძე ფუფუნებითა და მდიდრულად ცხოვრობდა, მაგრამ არ არის მართალი. საგურამოში ილიას სახლი უბრალოდ ჰქონდა მოწყობილი. ედგა ტახტები საფენებითა და მუთაქებით. უკანასკნელად ხელმომჭირნედ ცხოვრობდა. განსკუთრებით მას შემდეგ ,რაც თავი დაანება ბანკსაც და ”ივერიის” რედაქციასაც. თუმცა უნდა ითქვას, რომ გაზეთ ”ივერიის” დათმობა ძალიან ეძნელებოდა. სხვებიც ეხვეწებოდნენ ნუ დატოვებო, მაგრამ ილია მთელ თავის ფულებს ამ გაზეთის გამოცემას ანდომებდა და განაცხადა: -კიდევ რომ მქონდეს შესაძლებლობა და პირობები გაზეთის წარმოებისათვის - ავიყვანდი ილია აგლაძეს, შაქრო ბილანიშვილს, მათთან ერთად ვიმუშავებდი, გაზეთს მე გაუძღვებოდი და დანარჩენ თანამშრომლებსაც გარედან მოვიწვევდი, მაგრამ აღარავითარი საშუალება აღარა მაქვსო.... მახსოვს, 1895 წელს რაფიელ ერისთავს გაუმართეს იუბილე. ეს იყო პირველი დიდი დღესასწაული ქართველი ერისა. იუბილე დიდი საზეიმო ვითარებაში იყო მოწყობილი. ქართულ თეატრში ამ იუბილეზე გამოვიდა გრიგოლ აბაშიძე, რომელმაც ძალიან კარგი ლექსი უძღვნა რაფიელ ერისთავს. ილია ჭავჭავაძეს ისე მოეწონა ეს ლექსი, რომ გრიგოლ აბაშიძეს გადაეხვია და გადაკოცნა. კარგად დავინახე ორივეს თვალებში როგორ ბრწყინავდა ცრემლი.
არტურ ლაისტი -პირველად ილიასთან
ილია ჭავჭავაძე პირველად ვნახე და გავიცანი 1885 წელს. მაშინ პოეტი მხოლოდ 48 წლისა იყო. კვლავ ძლიერი ჰქონდა გონება, ნიჭი, ლიტერატურისა და პოეზიის სიყვარული, მშვენიერების შეცნობისა და მისით აღტაცების უნარი. როცა ილიას დავუახლოვდი, შევიგნე, რაოდენ დიდი სულისა და ნათელი ჭკუის კაცი იყო. არასოდეს ცდილობდა, უცნობ საზოგადოებაში ვინმე თავისი ცოდნითა და გონებით მოეხიბლა. ერთი სიტყვით, არ სურდა, თავი ვინმესთვის მთლიანად გაეცნო. სულ მოკლე ხანში ჩემთვის ნათელი გახდა მისი მდიდარი ბუნება, ჩვენი ერთგული შეუბღალავი მეგობრობა ილიას სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე გვაერთებდა. ილიასთან ყოველდღე დავდიოდი. ამიტომაც შემთხვევა მეძლეოდა, გავცნობოდი ყველა მაშინდელ ლიტერატორს და ბევრ სხვასაც. ილია იმ ხანებში გულგრილად ეკიდებოდა თავისი ყოველდღიური ჟურნალის „ივერიის“ გამოცემას, მაგრამ როდესაც „დროების“ დახურვის შემდეგ „ივერია“ ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთდა, ილიას ახალგაზრდობამ კვლავ გაიღვიძა, პოეტი სრულიად გამოიცვალა და დიდი მხნეობით შეუდგა ახალი გაზეთის რედაქტორობას... მე დიდი სურვილი მქონდა, ჩემი თანამემამულე ევროპელებისათვის სრულიად უცნობი ქართული ლიტერატურა გამეცნო. ილია ფიქრობდა, რომ მე უნდა შემედგინა ქართულ ლექსთა კრებული გერმანულ ენაზე. ჩვენ ორივენი გულმოდგინედ შევუდექით ამ საქმეს. იმხანად ქართულ ენაში მაინცდამაინც გაწაფული არ გახლდით. ამიტომ ილია სიტყვასიტყვით მითარგმნიდა ქართულ ტექსტს, რაც სრულიად არ ამახინჯებდა არც აზრსა და არც ლექსის პოეტურ სილამაზეს. ჩემი პირველი კრებულის დიდი ნაწილი საგურამოში ვთარგმნე. აქ პოეტის ძველი სახლის აივანზე ვისხედით ხოლმე. აქედან ერთი მხრით არაგვის მშვენიერი ხეობა და კავკასიონის ქუდი მოჩანს, მეორე მხრით საგურამოს მთებია ამართული. ნეტარნი არიან ის დღენი!.. ილია სადეკლამაციო ტონით ლექსებს ლექსებზე მიკითხავდა, დროდადრო თავისი სამშობლოს სილამაზეზე მიმითითებდა. წყნარად, დარბაისლურად და ჭეშმარიტი გზით შევყავდი მას ახალ ქვეყანაში, აღმოსავლეთის იმ ჭიშკარში, რომელიც ყმაწვილობიდანვე მიზიდავდა. ილია ხშირად შეწყვეტდა ხოლმე თარგმნას და ქართული ენის სხვადასხვა თავისებურებაზე შეუდგებოდა საუბარს, ან რომელიმე ხალხურ ჩვეულებას ახსნიდა. ბაასი და საუბარი შუაღამემდე მიატანდა, ვიდრე ირგვლივ საიდუმლო მყუდროება დაისადგურებდა. მე მალე შემიყვარდა ეს ლამაზი კუთხე საქართველოსი საგურამო. ილია ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი გახდა ამ ქვეყანაზე.
ფილიპე გოგიჩაიშვილი- ილიას მოწინააგმდეგეები..
დიმიტრი მუსხელიშვილი ხშირად გამოდიოდა ბანკის სხდომაზე ილიას წინააღმდეგ და იტყოდა ხოლმე: "Илья производит давление на собрание" -ო. ილია ხომ დიდი ოსტატი იყო პასუხების გაცემაში და ერთხელ წარმოსთქვა: "Я не понимаю, о каком давлении тут говорят? Физического давления никто не предпринимает, а если говорят о давлении ума, то против него бесильна вся ворят о давлении ума, то против него бессильна вся артиллерия!" ასე გადაჰკრა არტილერიის გენერალს თავისებური მწვავე მათრახი!
ილიას საზოადოდ საოცრად მაგარი ნერვები ჰქონდა, ხოლო ვანო მაჩაბელი, პირიქით, ერთობ ფიცხი ადამიანი იყო. ილიამ თავის სიტყვებში მოწინააღმდეგის დანდობა და განკითხვა არ იცოდა. მაჩაბელსაც არ ზოგავდა და ისე გამოჰყადა მისი ნათქვამი, თითქოს ყველაფერი აბსურდი ყოფილიყოს. ერთხელ ისე აიგდო, რომ რუსულ სათამაშო,ს Ванька-встань-ка"-საც კი შეადარა.
საერთოდ კი ამ ბრძოლამ ილია, ბოლოს და ბოლოს, გამოაცოცხლა. თუ ერთ დროს ის მართლაც მიძინებულ ლომს წარმოადგენდა, ახლა ლომმა გაიღვიძა, გაშალა ბრჭყალები და მიფანტ-მოფანტა წინააღმდეგნი. ნერვიულმა ვანო მაჩაბელმა კი ეს ბროძლა ფიზიკურად ვერ გადაიტანა. თუმცა კენჭისყრით არ გაშავებულა, თავისი ნებით განაცხდა, რომ შორდება ბანკს და მოშორდა კიდევაც, დემონსტრატიულად დასტოვა კრება. ილიამ განაცხდა: "მე მასავით არ გავიქცევი; მანამ თქვენი ნდობა მაქვს, აქა ვარ და აქ ვიქნებიო!"
10 აპრილს 1905 წ.‘«მოგზაურში» დაიბეჭდა ვიღაც ვ. ნ. -ის წერილი, რომელშიაც ილია ჭავჭავაძის შესახებ საშინელი ამბები იყო მოთხრობილი… საშინელ ბრალს სდებდნენ არა უბრალო ვინმეს, არამედ საქართველოს უდიდეს ადამიანს, და ამიტომ ბრალდება გაურკვეველი არ უნდა დარჩენილიყო. ასეთი იყო‘«ივერიის» რედაქციის აზრი. მე მაშინ‘«ივერიის» რედაქტორი ვიყავი.
სამწუხაროდ, არც მე და არც სხვა ვინმემ რედაქციაში ილიას მამულისა და გლეხებთან მისი დამოკიდებულების შესახებ არა ვიცოდით რა, რომ ბრალდების გარკვევა და პასუხის გაცემა შეგვძლებოდა. თუმცა გონებაც და გულიც შეუძლებლად რაცხდა, რომ მოთხრობილი ამბავი მართალი ყოფილიყო, მაგრამ ასეთი შინაგანი‘«გულის ხმა» საპასუხოდ, რასაკვირველია, ვერაფერი საბუთი იქნებოდა მოპირდაპირესთან. ამიტომ გვინდოდა და მოუთმენლად ველოდით, რომ ვინმეს, _ გარემოების მცოდნეს, ან თვითონ ილიას _ ხმა გაეცა და ბრალდება გაექარწყლებინა.
გავიდა რამდენიმე დღე, მაგრამ არც ერთ გაზეთში არაფერი პასუხი არ დაბეჭდილა, არც ილიას შემოუთვლია რამე, ეტყობოდა _ ილია, რაიმე მოსაზრებით, არ თვლიდა საჭიროდ პასუხის დაწერას. ჩვენ კი ეს ფრიად საჭიროდ მიგვაჩნდა, რადგან ბრალდების გაბათილებას მასზე უკეთ აბა ვინღა დასწერდა. მაშინ‘«ივერიის» რედაქციამ გადაწყვიტა, ილიასთვის შეკითხვით მიემართნა და მისი პასუხი გამოეწვია. არ ვიცი, _ რადა, მაგრამ ვფიქრობდი კი, რომ ილია‘«ივერიის» შეკითხვას პატივს დასდებდა და პასუხის დაწერის საბაბად გაიხდიდა. ამიტომ იმ წერილის გამოსვლიდან 5 დღის შემდეგ‘«ივერიამ» გადაბეჭდა «ბრალდების» ნაწილი და ბოლოში თავის მხრით შემდეგი სიტყვები დაურთო: «ნუთუ ეს აღმაშფოთებელი ამბავი მართალია? ნუთუ «გლახის ნაამბობის» ავტორს მართლა ასეთი დამოკიდებულება აქვს გლეხებთან? ჩვენ არ გვინდა ეს დავიჯეროთ და გვირჩევნია ჯერჯერობით იმედი ვიქონიოთ, რომ თვითონ თ-დი ილია ხმას ამოიღებს და კორესპონდენციის უსაფუძვლობას დაგვიმტკიცებს».
მართლაც‘«ივერიის» მიმართვას ილიამ ყურადღება მიაქცია და მეორე დღეს (16 აპრილს) გამოგვიგზავნა‘«წერილი რედაქციის მიმართ», რომელიც იმ დღესვე დავბეჭდეთ და 17 აპრილის ნომერში მოვათავსეთ.
ამ წერილში ილია, სხვათა შორის, წერდა:‘«მინამ მე ავტორის გამტყუვნებისათვის ვრცელს, დასაბუთებულს წერილს მოგართმევდეთ «ივერიაში» დასაბეჭდად, გთხოვთ ღონისძიება მომცეთ თქვენი გაზეთის შემწეობით გამოვაცხადო ჩემთა კეთილმყოფელთა სანუგეშოდ, რომ ყოველივე მოთხრობილი ჩემს შესახებ თავიდან ბოლომდე მტკნარი ტყუილია და განგებ სხვადასხვა ელფერით შეღებილი. ამის უტყუარი და უცილობელი საბუთები ზოგი ხელთა მაქვს, ზოგსაც გამოკითხვა და შემოწმება სჭირია და ამას დრო უნდა; _ დასასრულ, ვალად ვრაცხ ჩემს თავს უგულითადესი მადლობა მოგახსენოთ, რომ არ დაგიჯერიათ იგი ამბები, როცა ხსენებული ავტორი ჩემდა შესარცხვენად ჰღაღადებს. იმედი მაქვს თავის დროზე დაგანახოთ, რომ თქვენს გულის თქმას და თქვენს წინათგრძნობას ამ შემთხვევაშიც თქვენთვის არ უღალატნია და პრესა ადამიანის სათელავად არ გაგიხდიათ განუკითხველად».
რახან ეს ქება ამოვწერე, სიმართლე მოითხოვს ისიც აღვნიშნო, რომ თვით ვრცელსა და დასაბუთებულს საპასუხო წერილში, რომელსაც ილია აქ ჰპირდება თავის კეთილმყოფელთ და რომელიც თავის დროზე დაიბეჭდა «ივერიაში», ილია, მადლობასთან ერთად, უკმაყოფილებასაც უცხადებს «ივერიას». «თუმცა ის ამბავი, სწერს იგი, რომ‘«ივერიამ» ეს კორესპონდენცია მთლად გადმობეჭდა და იმით ხელი მოუმართა ავტორს გაევრცელებინა საძაგელი მოთხრობა, თავის თავადაც, ასე თუ ისე, იკბინება, მაგრამ მე მაინც მადლობელი დავურჩი‘«ივერიის» რედაქციას. რაც გინდა იყოს, ზემოაღნიშნული დოსტალუღი პირდაპირ გვანიშნებს, რომ‘«ივერია» სიფრთხილით და წინდახედულობით მოქცეულა» და სხვა.
ილია შეუდგა პასუხის წერას, რომლის დასრულება ცოტა დაუგვიანდა იმის გამო, რომ როგორც თვითონ ამბობს პირველ წერილში, ზოგი რამ ცნობა უნდა გამოეკითხნა და ამას დრო სჭიროდა. ხელნაწერი რომ გამომიგზავნა, მოითხოვა: ა) მის ნაწერში რედაქციას არავითარი ცვლილება არ მოეხდინა და ბ) კორექტურის ფურცლები უეჭველად მისთვის გამეგზავნა გასასინჯად. რასაკვირველია, ორსავე მოთხოვნაზე თანახმა გავუხდი, მის წერილში წავშალე მხოლოდ სამი სიტყვა, _ ერთი პატივცემული პირის სახელი და გვარი, ერთიც მოწინააღმდეგის მიმართ მკვახე სიტყვა, რომელიც გაჯავრებულ ილიას კალმიდან მოსხლეტოდა და მის კალამს კი არ შეეფერებოდა, და ორ ადგილას მძიმე ნიშანი ჩავსვი, რომელიც ავტორს გამორჩენოდა. ამ სამი სიტყვის წაშლა ილიამ იწყინა. რა ნახა კორექტურაში, რომ ის სიტყვები ამოშლილი იყო, შემომითვალა: წერილს თქვენთვის აღარ ვბეჭდავო.
მაშინვე წავედი ბანკში მასთან ამბის გასაგებად და სათხოვნელად, რომ კორექტურის ფურცელი დაებრუნებინა. გამომიცხადა: ჩემი წერილი, წინააღმდეგ პირობისა, გაგისწორებია და ამიტომ თქვენთან აღარ ვბეჭდავო, _ ან სხვაგან დავბეჭდავ, ან ცალკე წიგნაკად გამოვცემო. როცა ვკითხე, სად არის გასწორებული მეთქი, მიმითითა ამოშლილ სიტყვებზე. მაშინ მე წარვუდგინე ჩემი მოსაზრება და ვუმტკიცებდი, რომ იმ პატივცემული პირის სახელისა და გვარის აღნიშვნა ამ შემთხვევაში ზედმეტი იყო და რომ მოსწრებული, მაგრამ თანაც მკვახე სიტყვა, რომელიც მან გაჯავრებულ გულზე დასწერა, მის სახელსა და ავტორიტეტს არ შეეფერებოდა. კამათმა ნახევარ საათამდე გასტანა. ბოლოს ილია ჩაფიქრდა და რამდენიმე წამის შემდეგ გამომიცხადა: თანახმა ვარო და გაშინჯული კორექტურის ფურცელიც გადმომცა.
ამგვარად, მისი ნებართვა მივიღე, მაგრამ საჭირო იყო კიდევ შეთანხმება, თუ როგორ უნდა დაგვებეჭდა წერილი. ილიამ მოითხოვა, რომ პასუხი გაზეთში იმ ადგილას დამებეჭდა, სადაც «მოგზაურიდან» ამოღებული ბრალდება იყო დაბეჭდილი. მე ეს აზრი არ მომწონდა, რადგან ილიას პასუხი ძალიან დიდი იყო, იმ ადგილას რომ დაგვებეჭდა, ბევრ ნომერში უნდა გადაგვეტანა გაგრძელება და ამით მისი პასუხი ბევრჯერ უნდა გაწყვეტილიყო და შთაბეჭდილება დაეკარგებოდა, მე წინადადება მივეცი, წერილი დიდ ფელეტონებად გაგვეშვა გაზეთში, _ მაშინ ოთხ ნომერში დაეტევოდა, _ ანდა გაზეთის მეოთხე გვერდზე დაგვეწყო და მთელი წერილი დამატებად მიგვეყოლებინა გაზეთისთვის. ფელეტონებად დაბეჭდვაზე ილიამ გადაჭრილი უარი სთქვა,‘«პრესის» ადგილას ბეჭდვა მასაც აღარ მოეწონა, რადგან წერილი ძალიან დაიკუწებოდა, და ამიტომ აირჩია ისევ ერთად დაბეჭდილიყო.
მეც ასე მოვიქეცი. მხოლოდ მეოთხე გვერდზე დაწყება ილიას წერილისა და დანარჩენის გადატანა‘«დამატებაში» ტექნიკურად არ მოხერხდა. ამიტომ წერილი მთელ დამატებად წინა დღეს დავბეჭდეთ და ასე მომზადებული მეორე დღის (5 მაისის) გაზეთის ნომერთან შევაერთეთ და გამოვეცით.
აქედან მკითხველი ხედავს, თუ რა მიზეზით დავბეჭდეთ ეს წერილი‘«უჩვეულო დამატებად», ან _ როგორც ამას გადაკვრით ამბობდა ია ეკალაძე გაზ.‘«თემში» _ მინდოდა თუ არა ილიასთვის უარის თქმა წერილის დაბეჭდვაზე. ილია‘«ივერიამ» გამოიწვია საპასუხოდ, _ თვითონ ილიასაც ხშირად უთქვამს (მაგალითად, დავ. სარაჯიშვილთან, რომ მე პასუხს არ გავცემდი,‘«ივერიას» რომ შეკითხვით არ მოემართნაო, _ და ამის შემდეგ რედაქციას აბა როგორ უნდა ჰქონოდა სურვილი, საპასუხოდ გამოწვეული კაცისთვის _ და ისიც როგორი კაცისთვის? _ უარი ეთქვა. უამისოდ აბა რა აზრი უნდა ჰქონებოდა ჩემს მისვლას გამწყრალ ილიასთან და თხოვნას, რომ გული მოელბო და შემოთვლილი უარი გადაეთქვა?
წყარო: www.litinstituti.ge